დავით ზალკალიანი დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ზალკალიანი დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გაანალიზეს თუ როგორი სიტუაცია იყო გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს და რა სიტუაცია არის დღეს.

"აღინიშნა, რომ ბევრად გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო, რომელიც 2012 წელს იყო. მე მათ გავაცანი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურვილები გვაქვს, რომ ეს არჩევნები იყოს ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე კონკურენტუნარიანი ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე იმას, თუ რა ღონისძიებები გაატარა საგარეო უწყებამ იმ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რომელიც ეუთო-მ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოსცა.

ზალკალიანმა ისიც აღნიშნა, რომ სრული ურთიერთგაგებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები.

"კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის და იმასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველგვეყო რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მონიტორების ჩამოსვლა. მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე და არჩევნები იქნება შეფასებული ობიექტურად", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს, მათი მისია საქართველოში 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისიას მატეო მეკაცი უხელმძღვანელებს. აღნიშნული დელეგაციას საქართველოში 24 გრძელვადიანი და 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნის თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში 23 სექტემბერს ჩამოვლენ.