სერგო თეთრაძის მეუღლის თქმით, მისი მეუღლის წამების ორგანიზატორები და იდეოლოგები თანამდებობებზე იმყოფებიან

სერგო თეთრაძის მეუღლის თქმით, მისი მეუღლის წამების ორგანიზატორები და იდეოლოგები თანამდებობებზე იმყოფებიან

გარდაცვლილი პატიმრის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის წამების ორგანიზატორები და იდეოლოგები თავისუფლები არიან და თანამდებობებზე იმყოფებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნანა თეთრაძემ განუცხადა, მან არჩილ კბილაშვილსგან მიიღო პირობა, რომ აღნიშნული პირები გამოძიებით იქნებიან დადგენილი და პასუხისგებაში მიეცემიან. ნანა თეთრაძე აცხადებს, რომ იგი არა მკვლელობის და წამების შემსრულებლების, არამედ აღნიშნულის იდეოლოგების დაკავებით არის დაინტერსებული.

"შევხვდი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მივიღე პირობა, რომ როდესაც პროცესის ეს ეტაპი დასრულდება, დაიწყება მესამე შრე. მე დაინტერესებული არა ვარ მხოლოდ საქმის შემსრულებლებით, არამედ იმით, რომ დააკავონ ამ საქმის იდეოლოგები, რომლებიც დღეს თავისუფლები არიან. ამ პირებს ვხედავთ თანამდებობებზე. მგონია, რომ, როცა პროკურატურა მათ დანაშაულს გამოიძიებს, ამის შემდეგ მათაც ცნობენ ბრალდებულებად", - განაცხადა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს კი ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.