ცრუ შეტყობინების გამო, არასრულწლოვანის მშობელი 1500 ლარით დაჯარიმდება

ცრუ შეტყობინების გამო, არასრულწლოვანის მშობელი 1500 ლარით დაჯარიმდება

14 წლამდე ასაკის პირის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული ცრუ შეტყობინების განხორცილების შემთხვევაში, დადგება მშობლის პასუხისმგებლობა - 1500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ასეთი ქმედების განმეორების შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობელს 2500 ლარი დაეკისრება.

შსს მიერ პარლამენტში ინიცირებულ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტში ამ მიმართულებით დამატებითი ცვლილებები შედის.
არასრულწლოვანის ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით მშობლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი კოდექსის იმ მუხლში გაიწერება, რომელიც არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შეუსრულებლობაზე სწორედ მშობლის პასუხისმგებლობას აყენებს.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია ცალკე კანონპროექტი, რომელიც დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა მოამზადა. მას პარლამენტი დაჩქარებული მოსმენით იხილავს.