ბაჩო ახალიას საქმეზე პროკურორი იცვლება

ბაჩო ახალიას საქმეზე პროკურორი იცვლება

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის და სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარის პროკურორი რევაზ ნადოი სასამართლო პროცესებს რამდენიმე დღეა, აცდენს. 

სავარაუდოდ, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეებზე რევაზ ნადოის პროკურორ ია დარჯანია ჩაანაცვლებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სერგო თეთრაძის საქმეზე პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნადიო არ გამოცხადდა. ადვოკატების ინფორმაციით, ნადოი, თეთრაძის საქმეზე არც წინა პროცესზე იმყოფებოდა და ამის არგუმენტად ის დაასახელა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ციხის ბუნტის საქმეზე დასკვნით სიტყვას ამზადებდა. დღეს კი ნადოის ნაცვლად სასამართლოში პროკურორი ია დარჯანია გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნადოი ავად არის და ამ მოტივით პროცესს ვერ ესწრება.

პროკურორმა ია დარჯანიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ არ იცნობს საქმის მასალებს და ამ მოტივით მიეცეს გონივრული ვადა, რათა შეძლოს განხილვებზე დასწრება. მოსამართლემ იკითხა - აპირებდა თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე ია დარჯანია პროკურორ რევაზ ნადოის ჩანაცვლებას, რაზეც დარჯანიამ ვერ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნადოის უკურნებელი სენი არ სჭირს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის შეძლებს იგი პროცესებზე დასწრებას.

სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებულების ადვოკატების ნაწილმა აღნიშნულ შუამდგომლობას გაუგებარი უწოდა. როგორც ბრალდებული მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მისთვის უცნობია რა არის იმის მიზეზი, რომ რევაზ ნადოი პროცესებს არ ესწრება. ველიჯანაშვილის თქმით, წინა პროცესზე, ნადიომ წარადგინა განცხადება, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლოსთვის დასკვნით სიტყვას ამზადებდა, ახლა კი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას, რომ ავად არის.

მოსამართლემ პროკურორ ია დარჯანიას შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროცესი სერგო თეთრაძის საქმეზე 23 სექტემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

პროცესის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ დაესწრებოდა თუ არა რევაზ ნადიო დღეს, 16:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესს, სადაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის საქმის განხილვაა დაგეგმილი, პროკურორმა ია დარჯანიამ აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას პროცესზე ის იქნება წარმოდგენილი ნადიოს ნაცვლად.

რევაზ ნადოი, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე წინა პროცესზეც არ გამოცხადდა. ნადოის, სასამართლოსთვის არგამოცხადების მოტივი არ განუმარტავს, რის გამოც მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.