კოტე კუბლაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აცნობს

კოტე კუბლაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აცნობს

თუ ხელისუფლებას სურს, რომ ეს სახელმწიფო, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო უნდა იყოს წარმატებული და დამოუკიდებელი , - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჟურნალისტებს განუცხადა.

კოტე კუბლაშვილი მიწვეულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აცნობს.

"გვინდა მათთან ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს ინიციატივებზე. ეს, რა თქმა უნდა,, ეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება უვადოდ დანიშვნის პრინციპი და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრინციპი ყოველგვარი წინასწარი გამოსაცდელი ვადის გარეშე გავრცელდეს ყველა იმ მოსამართლეზე, რომელიც დაინიშნება, ვთქვათ, დეკემბერში, იანვარში და ა.შ. მეორე საკითხი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქმედ მოსამართლეებსაც შეექმნას პირობები იმისათვის, რომ უფლებამოსილების ვადაც იყოს შეზღუდული არა 10 წლით, არამედ ესეც გაიზარდოს 65 წლის ასაკამდე და, ფაქტობრივად, ისინიც იყვნენ უვადოდ თანამდებობებზე გამწესებული", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გარეშე სასამართლო წარმატებული და დამოუკიდებელი ვერ იქნება. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ორი კატეგორია, 10 წლიანი ვადით და უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, რაც კუბლაშვილის შეფასებით უფრო გააუარესებს სიტუაციას.

"რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, ეს პრინციპულად მიუღებელია არა მარტო მოსამართლეთა კორპუსისათვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგამოცდო ვადის დანიშვნა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდევბლობას, ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.