მოძრაობის წესების იმ დარღვევების გამო, რომლებიც სტატისტიკურად შემცირებულია, ადმინისტრაციული ჯარიმებიც მცირდება

მოძრაობის წესების იმ დარღვევების გამო, რომლებიც სტატისტიკურად შემცირებულია, ადმინისტრაციული ჯარიმებიც მცირდება

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვით სამართალდარღვევების მიმართ რიგი სასჯელები მკაცრდება, თუმცა გარკვეულ კატეგორიებზე პირიქით, მსუბუქდება.

მოძრაობის წესების ისეთი დარღვევების გამო, რომლებიც სტატისტიკურად შემცირდა, ადმინისტრაციული ჯარიმაც მცირდება. მაგალითად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ორჯერ მცირდება ჯარიმა, გარდა ამისა, კანონში პირდაპირ იწერება, რომ თუ დარღვევა აუცილებლობამ გამოიწვია, ავარიის თავიდან აცილების მიზნით, მაშინ მძღოლის მიმართ არავითარი საჯარიმო სანქციები არ დაწესდება. მკაცრდება სასჯელი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისთვის. პირველ შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება შეუჩერდება ერთი წლით. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ჩაიდენს ასეთ დარღვევას, დაჯარიმდება 700 ლარით და დაემატება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერება.

ასევე მკაცრდება სასჯელი ცრუ სატელეფონო შეტყობინებებისთვის. სრულწლოვანების მიმართ სასჯელი უფრო მკაცრი ხდება. თუკი მსგავსი დანაშაული მცირეწლოვანმა ჩაიდინა, მაშინ ჯარიმა მის მშობლებს ან მეურვეებს დაეკისრებათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კანონის გამკაცრება გამოიწვია იმ სიტუაციამ, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა.

"ამ ორ სფეროში სასჯელის გაზრდა გამოიწვია გახშირებულმა დარღვევებმა. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დაჯარიმებულია 30 ათასზე მეტი მძღოლი. ამიტომ შემოღებულია საფეხურეობრივი სისტემა დაჯარიმებისა. ახალი პრინციპები მისაღები და სწორია და ერთგვარი პრევენციაა", –აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

იურიდიულ კომიტეტზე განხილვის შემდგეგ კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.