დიცში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ

დიცში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ

სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნობენ , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ფანჯიკიძის განცხადებით, დიცთან დაკავშირებით ამჟამად ვითარება შედარებით მშვიდია. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შსს-მ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე განცხადებები უკვე გააკეთეს, დღეს კი ერთობლივად ეპატიჟებიან დიპლომატიურ კორპუსს იმისათვის, რომ გააცნონ არსებული ვითარება და მხარდაჭერა სთხოვონ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ეს საკითხი კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დღის წესრიგში, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს საკითხი პირდაპირ დღის წესრიგში არ არის, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში, ეს თემა აუცილებლად დაისმევა.

"როგორც წინა შემთხვევებში, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდება, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის კარასინი-აბაშიძის ფორმატის დადებით დინამიკას. დადებით დინამიკაში, მე ვგულისხმობ იმ მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც ამ ფორმატის ფარგლებში მოხდა და რომელმაც უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეწყვიტეს ე.წ. საზღვრის სადემარკაციო ხაზის გავლება, მაია ფანჯიკიძე ამ პროცესს დიდი იმედით არ უყურებს. მისი თქმით, 2011 წლიდან "ხან ასე და ხან ისე" ხდებოდა მავრთულხლართების და თხრილების მოწყობა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე.

"ამიტომ მე არ ვიქნები ოპტიმისტი და არ ვიფიქრებდი, რომ რადგან ამ წუთას ეს პროცესი შეჩერებულია, მომავალში არასდროს აღარ განმეორდება. იმედი მაქვს დადებითი განვითარების, მაგრამ ეს არის ფრთხილი ოპტიმიზმი და რეალობა სამწუხაროდ, სხვა არის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.