იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის მასალების ანალიზი მიმდინარეობს

იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის მასალების ანალიზი მიმდინარეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების ანალიზი მიმდინარეობს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 

"იაშვილის კლინიკაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს, რომ არ მოხდა გააზრება იმ რეალური პრობლემების, რაც შეიძლება მოყოლოდა ამ უხეშ ცვლილებებს. სამკურნალო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ მხრივ, არანაირი ხარვეზი არ გვაქვს. ახლა უკვე ვაანალიზებთ მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მასალებს, სადაც არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი მომენტები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ამ ანალიზის შემდეგ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული.

იაშვილის კლინიკაში შესამოწმებლად შესულმა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები გამოავლინა, -ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ძიმისტარიშვილმა 13 სექტემბერს განუცხადა.

მან არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დარღვევები გამოავლინა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მისივე განმარტებით, მონიტორინგის შედეგებში ასახული იქნება კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" ფინანსური მდგომარეობა, რომელმაც იაშვილის კლინიკა შეიძინა, საავადმყოფოს მფლობელობის, წარმომადგენლობის, დაწესებულების სანებართვო პირობები და სხვა საკითხები.