დიმა ჯაიანი აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს

დიმა ჯაიანი აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს

სოხუმის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის პოსტზე უახლოეს დღეებში დაინიშნება.

როგორც ჯაიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა იგი მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს და სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ყველა მოადგილეს უწყების დატოვება მოუწევს. ასევე, გადაიხედება რიგი სხვა თანამდებობის პირების დარჩენის საკითხიც.

"ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ერთადერთი შემიძლია ვთქვა გოგი ქავთარაძის სიტყვების მსგავსად, შეიძლება მოგწონდეს სოხუმის თეატრი, შეიძლება - არა. სოხუმის თეატრი პროვინციული არასოდეს ყოფილა და მით უმეტეს აფხაზეთის კუთხე. ჩემი მიზანია, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში პროვინციულობა შეიცვალოს. რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს, აფხაზეთის სიმღერის და ცეკვის ანსამბლს სერიოზული ხელის შევლება სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს. სოხუმის თეატრსაც გაძლიერება სჭირდება. რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროს, მოადგილეები ყველა წავა. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა სხვა პარტიაში მყოფი ადამიანების განადგურებას და გათელვას არ გულისხმობს, ამიტომ სამინისტრის რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც თუნდაც სხვა ხედვები აქვთ, უწყებაში დარჩებიან. მაგრამ ამავე სამინისტროში ბევრი ისეთიცაა, ვინც ამას არ იმსახურებს. ღმერთმა დამიფაროს 9 წლის განმავლობაში ქვეყნის გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაცია, მათი ადგილი აქ არ იქნება. მათ უნდა იგრძნონ რომ ცხოვრებაში დანაშაულს სჩადიოდნენ, ხოლო ისეთებს, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიუხედავად განსხვავებული პარტიული ხედვისა, მოვეფერები, "- განაცხადა დიმა ჯაინმა.

მისივე თქმით, ძალიან მალე სოხუმის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ახალგაზრდა, ცნობილი რეჟისორი დაინიშნება, რომელიც რობერტ სტურუას დიდ მოწონებას და პატივისცემას იმსახურებს.

ამასთან, როგორც ჯაიანმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, "მიუხედავად იმისა, როგორც მას სოხუმის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებისას მოექცნენ, მსგავსი პასუხის გაცემას არავისზე აპირებს" და ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოთქმულ ერთ-ერთ ფრაზას ციტირებს.

"ბიძინა ივანიშვილის სიტყვები რომ გავიმეორო, მიუხედავად ჩემს მიმართ განხორციელებული ქმედებებისა, მე ანალოგიურად არ მოვექცევი,"- აღნიშნა ჯაიანმა.