ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა ქუთაისში დღეს, 12:00 საათზე განახლდება. როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის განხილვა გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლით. მისი თქმით, წინასასამართლო პროცესს კიდევ ორი დღე უნდა დაეთმოს, რათა ბრალდების მხარემ 3 000-ზე მეტი მოწმე დაასახელოს.

ადვოკატის განცხადებით, თუ ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე ყველა მოწმეს წარმოადგენს, მათი დაკითხვა ვანო მერაბიშვილის საპატიმრო ვადის ამოწურვამდე ვერ მოესწრება. "3 000-ზე მეტი მოწმე ჰყავს გამოძახებული ბრალდების მხარეს. ყველა მოწმე რომ დაიკითხოს და ვივარაუდოთ, რომ ერთ პროცესზე 10 მოწმის დაკითხვა მოხდეს, ამ პროცესს დასჭირდება 300 დღე. რამდენად რეალურია ყველა მათგანის დაკითხვა, ვერ ვიტყვი, თუმცა, ბრალდების მხარემ შესაძლოა შეამციროს მოწმეთა რაოდენობა, რადგან მათ დაკითხვას დასჭირდება თებერვლამდე პერიოდი, რაც ვერ მოესწრება ვანი მერაბიშვილის საპატიმრო ვადებში", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებს, ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურა მტკიცებულებების ჩამოთვლას დაასრულებს, საზოგადოება გაიგებს, რა წარმოადგენს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.

წინასასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებაზე, რომელიც ე.წ ფიქტიურ დასაქმებებს ეხება დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.