კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ

კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს მიერ ორგანიზებული პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარის არჩევა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტესტირებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის საფუძველზე მოხდება.

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-მ პროექტ „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“-ს ფარგლებში მარნეულის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში 16-27 წლამდე ახალგაზრდების შერჩევა ცოტა ხნის წინ დაასრულა. აღნიშნულ რაიონებში ტესტირების საფუძველზე შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: ადგილობრივი თვითმართველობის ორგანულ კანონის ზოგადი საფუძვლები, კონსტიტუციის არსი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას და დაკომპლექტებისა და ფუნქციონალური გადანაწილების პირობებს გაცნობოდნენ.

ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე წამოაყენეს ოთხთვიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა დაევალათ. წარმოდგენილი გეგმების განხილვის შედეგად, დახურული კენჭისყრის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარედ ილია ხარატიშვილი, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტში რამინ ახუნდოვი აირჩიეს.

პროექტი „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებენ საკრებულოებთან, იქნებიან საკრებულოს სხდომებზე სხვადასხვა პრობლემური საკითხების ინიციატორები, დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს რაიონის ახალგაზრდობასთან ერთად.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და აამაღლოს სამოქალაქო განვითარების დონე.