თეა წულუკიანმა ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება ბრიუსელში განიხილა

თეა წულუკიანმა ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება ბრიუსელში განიხილა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების შედეგად შექმნილი ვითარება ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისრებთან − შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომთან, ასევე, ევროპული პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე განიხილა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება სთხოვეს.

"თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებს მიმართეს, რათა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან მოხდეს რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს (საქართველო და რუსეთი ამ კონვენციის მხარეებია), მათ შორის, სიცოცხლის, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, ქონების მშვიდობიანად განკარგვის უფლებებს, არღვევს და ქმნის გაუსაძლის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. იუსტიციის სამინისტროს, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე უწყებას, ამ საკითხებზე არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და მომდევნო რაუნდზეც გეგმავს პრობლემის წამოწევას", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ აღნიშნული ქმედებები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე ხდება, "რათა მათ თავი შეიკავონ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირებისგან".

"საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენები დროში ემთხვევა ბრიუსელში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მიერ საქართველოს ევროპული არჩევანის დადასტურებას, რომლის შეუქცევადობას სწორედ ინსტიტუციური დემოკრატიის ფორმირებისკენ მიმართული სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმები განსაზღვრავს. იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარტნიორები ევროპული კავშირიდან ნათლად აცნობიერებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევითა და კიდევ უფრო ძლიერი ურთიერთმხარდაჭერით მიიღწევა", - აცხადებენ უწყებაში.