თავდაცვის სამინისტრო:  ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს აშშ-ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურია

თავდაცვის სამინისტრო: ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს აშშ-ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ ალეკო ტუღუშთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და მას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ირაკლი ალასანიას უწყება კატეგორიულად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო.

"როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს, დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. "დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში" აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება", - განმარტავენ უწყებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ალეკო ტუღუში დღეს მოინახულა და "ეროვნული სირცხვილი" უწოდა იმას, რომ ვიცე-პოლკოვნიკი "გარაჟში" ცხოვრობს. აღნიშნულის გამო, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერს მისი ბინით უზრუნველყოფისკენ, თავდაცვის მინისტრს კი დასაქმებისკენ მოუწოდა.