ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ომების გმირი ალეკო ტუღუში მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით

ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ომების გმირი ალეკო ტუღუში მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით "გარაჟში" ცხოვრობდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ურჩევს, მის ლანძღვას და ქიშპობას ნაკლები დრო დაუთმოს და სამხედროებზე იფიქროს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკ ალეკო ტუღუშის მონახულების შემდეგ განუცხადა, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, სამშობლოში დაბრუნებული კი, პრეზიდენტის ინფორმაციით, ავტოსადგომში ცხოვრობს.

"ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში", მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით. თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ და ღირსება?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი?! ახლა ველაპარაკე და ვთხოვე გიგი უგულავას, რომ ამ ადამიანს დაუყოვნებლივ გამოუყონ ბინა - კიდევ კარგი ეს ბერკეტები მაინც გვაქვს. ამასთან, ვავალებ და ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღესვე, ქვეყნის პირველმა პირმა ალეკო ტუღუში წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

"მრცხვენია, რომ "გარაჟში" უნდა გადავცე საქართველოს გმირს წმინდა გიორგის ორდენი, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, გმირი არის გმირი. ერთი საყვედური არ დაცდენია ამ კაცს როცა ველაპარაკებოდი. საუბრობდა მარტო იმ ბიჭებზე, რომლებიც, პრაქტიკულად, დაფინანსების გარეშე არიან დარჩენილი და სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდებათ, რომ, ელემენტარულად, სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ. ალასანიას მინდა ვუთხრა – ბოლო 5 დღეში 10 განცხადება გააკეთა ჩემი სალანძღავი. იქნებ ცოტა ნაკლები დრო დაეთმო ჩემი ლანძღვისთვის, ქიშპობისთვის და ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო ამით", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.