საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე ევროკავშირი რუსეთის წარმომადგენლებთან საკუთარ შეშფოთებას დააფიქსირებს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე ევროკავშირი რუსეთის წარმომადგენლებთან საკუთარ შეშფოთებას დააფიქსირებს

ევროკავშირი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე რუსეთის წარმომადგენლებთან საკუთარ შეშფოთებას დააფიქსირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისიის ოფისმა, ევროკომისარ შტეფან ფულესა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელა.

"შეხვედრაზე კომისარმა ფულემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა და ის შეშფოთება, რომლითაც ევროკავშირი თვალს ადევნებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვის პროცესს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ქმედება ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მას შეუძლია შეაფერხოს კონფლიქტის გადაწყვეტა გრძელვადიან პერსპექტივაში. ამჟამად ადგილზე სიტუაციის გარკვევას ცდილობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; აღნიშნული პროცესი, ასევე კონკრეტული საკითხები უკვე განიხილება და მომავალშიც შევა ჟენევის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში, მათ შესახებ ასევე იმსჯელებენ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით ევროკავშირი თავის შეშფოთებას დააფიქსირებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზეც", - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: "შეხვედრაზე კომისარმა ფულემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საქართველოს თავის მნიშვნელოვან პარტნიორად მოიაზრებს და მიესალმა თბილისის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, რასაც ადასტურებს ორმხრივი სურვილი, უზრუნველყოფილ იქნას ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, პარაფირება ვილნიუსის სამიტზე, 2013 წლის ნოემბერში".