საქართველოს პრემიერი ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნას მიესალმება

საქართველოს პრემიერი ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნას მიესალმება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნას მიესალმება. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თამარ ჟვანია, რომელიც იყო გაეროს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი და რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, იქნება გარანტი იმისა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

"თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. მჯერა, რომ ის გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - აღნიშნავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა თამარ ჟვანიას კანდიდატურა, რომელსაც ერთხმად გაუწიეს რეკომენდაცია სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა.

პრემიერი მიესალმება, რომ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმების შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თამარ ჟვანიას კანდიდატურა დაამტკიცა.

თამარ ჟვანია იყო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (IშFED) აღმასრულებელი დირექტორი. 2007 წელს მან მუშაობა დაიწყო თბილისში გაეროს განვითარების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო დახმარების უზრუნველყოფას. არჩევნების წინ, ორი თვით ადრე ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა