მიხეილ სააკაშვილი - ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაში ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული

მიხეილ სააკაშვილი - ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაში ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შესყიდვაში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი , ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ფრანგული ვერტმფრენების საკითხს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ქართული მხარე ამ ვერტმფრენებს ყიდულობდა, დიმიტრი მედვედევის მთავრობა საფრანგეთს სანქციებით დაემუქრა და ამ შენაძენს ამიტომ სამოქალაქო სახე მიეცა.

"ახლა რომ ამბობენ სამოქალაქოა, თავისთვის უნდოდაო, სასეირნოდ უნდოდაო, საკატაოდ უნდოდაო სააკაშვილს, ცრუობენ. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები. სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.

პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული ამის ყიდვაში ისევე, როგორც საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი. მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა.

როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები, მოდი, გავარემონტოთ რუსულიო. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და ეს დაჯდება ძალიან ძვირი. საქართველოს ახლა ვერტმფრენები ჰაერივით სჭირდება. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. ახლახან ვიყავი მთაში. იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არაა, რომელიც ავა და გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს, ან გადაიყვანს ჯარის და პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამასაც გვართმევენ. ბარემ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი, რაღაზე გვქვია მაშინ საქართველოს მთავრობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსნა იმ თვითმფრინავის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლითაც ის მგზავრობდა.

"გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი ივანიშვილს და სხვებს თვითმფრინავზე, რომლითაც მე დავფრინავდი? თვითონ რომ ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალაურ ვიზიტზე, ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა თუ როგორ არის? ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ, ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებეთ თავი იმას რაც არის და გააკეთეთ რამე ახალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.