თბილისის და მადრიდის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, ესპანეთში საქართველოს მოქალაქე სერგო გოგალაძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ სხეულის განზრახ მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა 2008 წლის 18 ივლისს სოფელ ქვიშხეთში თანამზრახველთან ერთად, ურთიერთშელაპარაკებისას, "ტე-ტე"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ მოქალაქეს რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი სერგო გოგალაძე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ესპანეთში დააკავეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად, დაკავებულის მიმართ წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.