საქართველო სირიასთან მიმართებაში აშშ-ის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას მხარს უჭერს

საქართველო სირიასთან მიმართებაში აშშ-ის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას მხარს უჭერს

საქართველო მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას სირიასთან მიმართებაში, რომელიც გმობს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გარდა 6 სექტემბერს მიღებულ ერთობლივ განცხადებას მხარს უჭერს კიდევ 7 ქვეყანა – გვატემალა, ქუვეითი, მალტა, მონტენეგრო, პანამა, პოლონეთი და პორტუგალია. სულ კი 33-მდე გაიზარდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სირიასთან მიმართებაში, რათა გაძლიერდეს ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვა.

ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერებმა 6 სექტემბერს ერთობლივი განცხადება მიიღეს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

"ჩვენ ვგმობთ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბნებში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხილები ცხადყოფენ, რომ ამ შეტევაზე პასუხისმგებელი სირიის ხელისუფლებაა. მსოფლიო ვერ დაელოდება გაუთავებელ ჩაშლილ პროცესებს, რომელიც სირიაში დაღუპულთა რაოდენობასა და რეგიონულ არასტაბილურობას გაზრდის. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა გამკაცრდეს აკრძალვა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე", – ნათქვამია განცხადებაში.