გიგი უგულავა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს

გიგი უგულავა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს

მერი გიგი უგულავა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს.

როგორც დღეს გიგი უგულავამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ მიიღო დრაკონული გადაწყვეტილება და ამხანაგობების თავმჯდომარეებს უსამართლოდ მოექცა.

"სოციალური სუბსიდიების სააგენტომ იმ მოტივით, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები საჯარო მოხელეები არიან, ყოველგვარი დახმარება შეუწყვიტა. ეს არის საკრებულოს 19 აგვისტოს უსამართლო გადაწყვეტილების გაგრძელება," – აცხადებს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, ამხანაგობების თავმჯდომარეები მართლაც იღებდნენ წახალისების სახით ანაზღაურებას, თუმცა ეს იყო მათი შრომის გასამრჯელო და ისინი საჯარო მოხელეები არ იყვნენ.
გიგი უგულავას განმარტებით, განცხადება იმის თაობაზე, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისინი კორპუსის მაცხოვრებლების მიერ არიან არჩეულები.

"ამხანაგობების თავმჯდომარეებს არ ეკრძალებათ პარტიის ატივისტობა, თუმცა ისინი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ არიან", – აცახდებს დედაქალაქის მერი.
დედაქალაქის მერის თქმით, ის 10 მილიონი, რომელიც საკრებულომ გამგეობებს ჩამოაჭრა, ძირითადად ხმარდებოდა მაღალსართულიანი კორპუსების სახურავების, ლიფტების, კომუნიკაციების შეკეთებას.

"სწორედ ამხანაგობების დახმარებით, შეკეთდა მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ზე მეტი, ამ პროგრამით ასევე გარემონტდა ლიფტები და შეიცვალა კომუნიკაციების 70%-ზე მეტი. საკრებულოს წევრების განცხადება, რომ ეს თანხები ავარიული კორპუსების შეკეთებას მოხმარდება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თანხები გადანაწილდა 2015 წლის ოლიმპიადასა და შსს-ს პროექტის ვიდეთვალების საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ კატეგორიებზე ვისაუბრებთ, ეს მეათეხარისხოვანია," – აცხადებს უგულავა.
"ამ გადაწყვეტილებას შიხიაშვილის სეკვესტრს ვუწოდებ, თუმცა უარესი გააკეთა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ორკესტრირებული, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება საკუთარი ხალხის მიმართ. სააგენტოს მოვუწოდებ, რომ ეს დრაკონული კასკადი შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას", - აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ამით მთავრობა მხოლოდ თავის თავს დააზარალებს.

ვიცე-მერის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აპირებს ამ ადამიანებს იურიდიული დახმარება გაუწიოს.

"გამგეობებში სხედან კვალიფიციური ადვოკატები და ისინი გაუწევენ ამხანაგობების იმ თავმჯდომარეებს დახმარებას, რომლებსაც დახმარება და პენსია მოუხსნეს. ჩვენ ადვილად დავამტკიცებთ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა." – განაცხადა უგრეხელიძემ.