სასჯელაღრულების სამინისტრო: ვანო მერაბიშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ბადრაგირებას ექვემდებარება

სასჯელაღრულების სამინისტრო: ვანო მერაბიშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ბადრაგირებას ექვემდებარება

ვანო მერაბიშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ბადრაგირებას ექვემდებარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადეს , რომლის მიხედვითაც, ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ყოფილი პრემიერი ქუთაისში ხვალ დაგეგმილ სასამართლოზე დასწრებას. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მერაბიშვილს, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაშია მოთავსებული, 4 დღის წინ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ამ გამოკვლევას ესწრებოდა მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, 4 დღის განმავლობაში მის ჯანმრთელობაში კარდინალური ცვლილებები უარესობისკენ არ მომხდარა. იმ ინფორმაციით და დიაგნოზით, რაც მას სულ ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, ვანო მერაბიშვილი, ბადრაგირებას ექვემდებარება", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ვანო მერაბიშვილი ქუთასისში ხვალისთვის დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის სურვილია, ყველა პროცესს დაესწროს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა იგი ტრანსპორტირებას.

ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. აღნიშნული მუხლებით მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.