თემურ ქეცბაიას შეფასებით, მისი გუნდი ფინეთთან  მატჩში წაგებას არ იმსახურებდა

თემურ ქეცბაიას შეფასებით, მისი გუნდი ფინეთთან მატჩში წაგებას არ იმსახურებდა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შეფასებით, მისი გუნდი დღევანდელ მატჩში წაგებას არ იმსახურებდა. როგორც ქეცბაიამ ფინეთთან მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის დღევანდელი თამაში წარუმატებლად დასრულდა.

"თუ მოგებას არა, წაგებას არ ვიმსახურებდით. საფრანგეთთან ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა და გუნდმა დღეს ფიზიკურად ვეღარ გაუძლო დატვირთვას და ფიზიკურად მზად არ აღმოჩნდა. ვეცდებით, რომ ესპანეთთან მატჩში კარგ შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა ქეცბაიამ.

რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ რა ძირითადი პრობლემები იყო გუნდში, რომ ნაკრებმა მიზანს - ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას ვერ მიაღწია, ქეცბაიამ უპასუხა, რომ შეცდომას ყველა უშვებს. "ჩვენი მიზანი და გეგმა იყო, მესამე ადგილი დაგვეკავებინა ჯგუფში, თუმცა, ამას ვერ მივაღწიეთ. ყველაზე მთავარი გეგმა კი იყო ის, რომ ეს შესარჩევი ეტაპი გამოგვეყენებინა იმისთვის, რათა გუნდი ორი თვის განმავლობაში კარგად მომზადებულიყო, რომ შემდგომ შესარჩევ ეტაპს მომზადებული შეხვდეს. შევეცდებით, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდეთ, რაც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შანსს მოგვცემს", - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ასევე დამოკიდებულია ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზეც. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, რომლის შედეგადაც ფინეთის ნაკრებმა დღევანდელი შეხვედრა მოიგო, როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მსაჯი არ მიიღებდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისგან დაისვა კითხვა, თუ რატომ არ იყო შემადგენლობაში ზურაბ ხიზანიშვილი. ქეცბაიას თქმით, ხიზანიშვილი სავარაუდოდ განაწყენებულია, რადგან განაცხადში არ იყო და მან გუნდთან ერთად ავტობუსითაც არ იმგზავრა.