სირია საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ეთანხმება

სირია საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ეთანხმება

სირია თანახმაა, რუსული მხარის შეთავაზებაზე, დაწესდეს საერთაშორისო კონტროლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქიმიურ იარაღზე. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "გუშინ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომლის მხრიდანაც გამოითქვა ინიციატივა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ და თანახმა ვართ რუსული მხარის ინიციატივაზე", - განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა რუსეთის დუმის წარმომადგენელთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას. მისივე განცხადებით, სირიამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ამერიკული აგრესია აიცილოს თავიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სირიის მიერ ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის სამოქმედო გეგმას ამზადებს.

"უახლოეს დღეებში წარვადგენთ ამ გეგმას და მზად ვართ, მისი დახვეწა გაერო-ს გენერალური მდივნის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და უშიშროების საბჭოს წევრების მონაწილეობით მოხდეს", - აღნიშნა ლავროვმა.