ანდრო ბარნოვი ფრანგული წარმოების თვითმფრინავებთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს პასუხობს

ანდრო ბარნოვი ფრანგული წარმოების თვითმფრინავებთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ფრანგული წარმოების თვითმფრინავებთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა განცხადებებს ეხმაურება და ხელისუფლებას სთხოვს საკუთარ გადაწყვეტილებებს "უფრო კარგად დაუკვირდეს".

როგორც ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობას შეუძლია შეცვალოს აღნიშნული თვითმფრინავების განკარგვის ფორმა და ის შსს-ს დაცვის სამსახურს ან რომელიმე სხვა უწყებას გადასცეს, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს საქართველოში, რადგან ქვეყანას და არა სააკაშვილს და პირადად ივანიშვილს სჭირდება.

"მინდა ვკითხო ეკონომიკის მინისტრს, თუ გაეცნო პრეზიდენტის ბრძანების ტექსტს. იქ გარკვევით წერია, რომ საუბარია არა თავდაცვის ბალანსზე არსებულ, არამედ საქართველოს საკუთრებაში მყოფი არსებული ვერტმფრენების შესახებ. რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეუძლია უმაღლეს მთავარსარდალს გამოსცეს ბრძანება ასეთი ქონების განკარგვის შესახებ, მთავრობას განვუმარტავ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ვერტმფრენი არის ორმაგი დანიშნულების და ამის დასტურია ისიც, რომ ეს ე.წ "სამოქალაქო დანიშნულების ვერტმფრენები" სწორედ თავდაცვის სამინისტროს აქვს განსაკარგად. ესეც რომ არა, პრეზიდენტი არის არა შეიარაღებული ძალების, არამედ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავრსარდალი და მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ სანამ განცხადებას გააკეთებენ,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ადმინისტრაციის უფროსმა "იმ პროლეტარული აღშფოთების შესახებაც" გააკეთა განცხადება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის კომენტარში "ამოიკითხა" და რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავის სალონი პრეზიდენტის ბრძანებით სპეციალურად იყო მოწყობილი.

"თავისთავად უცნაურია, როდესაც ყველაფერი მაღალხარისხიანი ჩვენი მთავრობის გაღიზიანებას იწვევს. შენობები იქნება ეს თუ სამხედრო თუ სამოქალაქო ტექნიკა, მაგრამ მთვრობას მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა - რითი დაფრინავს მაგალითად პრემიერი ივანიშვილი? იმ თვითმფრინავს ხომ არ იყენებს, რომელზეც არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში სრულიად უშვერი ვაკხანალია იყო ატეხილი, რომ სააკაშვილმა თურმე გაბედა და შეიძინა. მინდა გითხრათ, რომ პრემიერის ბოლო ვიზიტისას გამოყენებული თვითმფრინავი, სწორედ ის თვითმფრინავია, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით იქნა შეძენილი და რომელიც, მათ ასეთ აღშფოთებას იწვევს", - დასძინა ბარნოვმა.

რაც შეეხება აღნიშნული თვითმფრინავების ფასსა და პრეზიდენტ სარკოზის როლს, როგორც ბარნოვმა აღნიშნა, აღნიშნული ვერტმფრენების შეძენა ფრანგული კრედიტით მოხდა.

"ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს ვერტმფრენები უფასოდ გადმოგვეცა, ეს იყო ფრანგული კრედიტით საკმაოდ კარგი პირობებით, რაც ცხადია, საბოლოო ფასზეც აისახა. ძირითადი მიზეზი იმისა, რომ გადმოცემის პროცედურებს რამდენიმე დღე დასჭირდა, სწორედ ისაა, რომ ეს სამხედრო დანიშნულების ტექნიკაა და არა ვთქვათ სასოფლო-სამეურნეო. მოვუწოდებ მთავრობას ბიუჯეტის შევსებას ნუ შეეცდებიან საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე. როგორც ვხედავთ, პირველი შედეგები უკვე სახეზეა და ეკონომიკის პრობლემებს უკვე ეწირება ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის სრულიად დაუშვებელი და სწორედ ეს იკრძალება უმაღლესი მთავარსარდალის გუშინდელი ბრძანებით. ვთხოვ მთავრობას უფრო კარგად დააკვირდეს საკუთარ გადაწყევტილებებს. ეს ტექნიკა, ისევე როგორც სხვა რამ პრეზიდენტის სასახლიდან დაწყებული და პარლამენტის საუცხოო შენობით დამთავრებული, სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე კერძო პირს. კარგია რომ ხელისუფლება ამას აცნობიერებს", - დასძინა ანდრო ბარნოვმა.