ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, მის ბიძას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, მის ბიძას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

ვანო მერაბიშვილის ბიძას, ლევან თუმანიშვილს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის "ფეისბუქზე" გავრცელდა. "გუშინ, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომელშიც მე პირადად ბიძინა ივანიშვილი დავადანაშაულე ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში, დღეს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ბიძაჩემს, ლევან თუმანიშვილს. ხვალ გაიმართება სასამართლო, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლებისა ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს", - წერს ვანო მერაბიშვილი.