ზურაბ აბაშიძე - ახალი ტერმინალების შექმნა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას ხელს შეუწყობს

ზურაბ აბაშიძე - ახალი ტერმინალების შექმნა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას ხელს შეუწყობს

ახალი ტერმინალების შექმნა, ნამდვილად შეუწყობს ხელს რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განახლებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გახსნის შემდეგ ჟურნლისტებთან საუბარისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პუნქტის გახსნით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.

"ახალი ტერმინალების შექმნა ნამდვილად შეუწყობს ხელს რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას, რაც შედეგია იმ დიალოგისა, იმ პირდაპირი ურთიერთობებისა, რომლებიც ჩვენ რუსეთთან გასული წლის ბოლოს დავიწყეთ. აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, აღდგა ექსპორტი რუსულ ბაზარზე. სექტემბრის ბოლოს ალბათ, ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც ექნება შესაძლებლობა შევიდეს რუსულს ბაზარზე. ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები ამაში ერთვებიან. ალბათ, ვიზუალურადაც ჩანს, თუ როგორ იმატა ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან, სადღაც 40%-მდეა გაზრდილი წელს მათი რაოდენობა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, იგი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს გრიგორი კარასინს პრაღაში 20 სექტემბრამდე შეხვდება.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სავაჭრო ეკონომიკური ხასიათის საკითხები მოგვარებულია.

"რამდენიმე საკითხია დარჩენილი, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ამას მოვაგვარებთ, რეგულარული რეისებიც უნდა აღდგეს აუცილებლად, სავიზო რეჟიმიც უნდა გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ის თემებია, რომლებსაც ალბათ ამ წლის ბოლოსთვის დავასრულებთ. ერთი წლის კვალობაზე რაც გაკეთდა, ეს ცოტა არ არის. ნამდვილად არის რეალური, ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.