სკოლებში მეორადი სასწავლო სახელმძღვანელოებიც რიგდება

სკოლებში მეორადი სასწავლო სახელმძღვანელოებიც რიგდება

საჯარო სკოლებში მეორადი სასწავლო სახელმძღვანელოებიც რიგდება. "ინტერპრესნიუსი" თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას დაუკავშირდა, სადაც წიგნების დარიგება მიმდინარეობს.
სკოლების წარმომადგენლეთა ინფორმაციით, სკოლებში სახელმძღვანელოების ნაწილი მეორადია, რომლითაც გასულ სასწავლო წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები სარგებლობდნენ.
თბილისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა გორგასლიძის განცხადებით, განათლების სამინისტროში არსებობს ბაზა, სადაც ყველა სკოლის მონაცემია შეყვანილი. შესაბამისად, თითოეულმა სკოლამ იმდენი სასწავლო სახელმძღვანელო მიიღო, რამდენი მოსწავლეცაა ამა თუ იმ სკოლაში.

მანანა გორგასლიძის განცხადებით, გასულ სასწავლო წელს პედაგოგები მოსწავლეებზე გადაცემულ სახელმძღვანელოებს აკონტროლებდნენ, რათა სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეებს წიგნები არ დაეზიანებინათ.

"სკოლაში 800-მდე მოსწავლეა. შესაბამისად ამდენივე მოსწავლეზე მივიღეთ სამინისტროდან სახელმძღვანელოები. წიგნების დიდი ნაწილი ახალია, არის მეორადიც. ჩვენ სისტემატურად ვამოწმებდით წიგნებს, რათა მოსწავლეებს არ დაეზიანებინათ. შესაბამისად, წელს წიგნები კარგ მდგომარეობაში მოგვიბრუნდა. სახელმძღვანელოების გაცემა დაწყებულია. მშობლებთან ფორმდება პირობითი ხელშეკრულება, რათა მათი შვილები წიგნებს მოუფრთხილდნენ. ამ ხელშეკრულებაში შკალის მიხედვით ფასდება წიგნის მდგომარეობა. ეს პროცესი წიგნის მოვლის საკითხს აწესრიგებს", - განაცხადა მანანა გორგასლიძემ.

რაც შეეხება პირველ კლასელებს, მათ სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, 16 სექტემბერს "ნეტბუქები" დახვდებათ.