დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიას ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს

დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიას ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიას ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ პოსტზე კვიტაშვილის კანდიდატურა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"ჩემი და ჩვენი გუნდის სურვილი იყო, რომ ეს ყოფილიყო ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში თავისი რეპუტაციით, წესიერებით, ცოდნით და კომპეტენტურობით იქნებოდა ცნობილი. ასევე, ცნობილი იქნებოდა იმით, რომ არ იქნებოდა დაკავშირებული სკანდალებთან, არეულობასთან და საზოგადოების დაპირისპირებასთან. ცნობილი იქნებოდა იმით, რომ იქნებოდა მისაღები ფიგურა და მისაღები ადამიანი იმ ადამიანებისთისაც კი, ვინც მას არ ეთანხმება. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ასეთი ადამიანი დღეს ჩემს გვერდით არის და სანდრო კვიტაშვილი ჩემი კამპანიის საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, კომენტარი თავად სანდრო კვიტაშვილმაც გააკეთა. მისი განმარტებით, მისთვის დიდი პატივია იყოს ისეთი პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, როგორც დავით ბაქრაძეა, რადგან მას ნებისმიერი კატეგორიის პოლიტიკოსთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია.

"დავით ბაქრაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის პოლიტიკოსთან გამონახოს საერთო ენა და რაც მთავარია, მომავალშიც იყოს გარანტი საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების შენარჩუნებისა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კამპანიაში ჩემს წვლილს შევიტან,"- აღნიშნა კვიტაშვილმა.