პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული 20-ზე მეტ კანონში შესატანი ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული 20-ზე მეტ კანონში შესატანი ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 20-ზე მეტ კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ ახალ საკონსტიტუციო ნორმებს უკავშირდება. 

პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტებით, მთელი რიგი უფლებამოსილებები, რომელიც დღეს პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების უფლებამოსილებაში გადადის, რასაც თავის მხრივ სწორედ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმები ითვალისწინებს.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტები ასევე არეგულირებს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის საკითხს. კონტრასიგნაციის პრინციპის შემოღებასაც, რაც პრეზიდენტის მიერ გამოცემული დოკუმენტების პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერას გულისხმობს, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ასამოქმედებელი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი კონსტიტუციური ნორმები ბევრ კანონში ტექნიკური ხასიათის ცვლილებასაც იწვევს და დღეს პარლამენტმა ასეთ კანონებზეც იმსჯელა.

ახალი კონსტიტუციის საფუძველზე დღეს, პირველი მოსმენით, ცვლილება შევიდა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ", "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ", "სამოქალაქო აქტების შესახებ", "რეფერენდუმის შესახებ", "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ", "საგანგებო მდგომარეობის შესახებ", "საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ", "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონებში, "საარჩევნო კოდექსსა" და "თავისუფლების ქარტიაში". გარდა ამისა, კიდევ ათ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც გარემოს დაცვით სფეროს ეხება.

საერთო ჯამში, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებას და ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას 160-მდე კანონი საჭიროებს. მათ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.