დავით უსუფაშვილი:   როგორც ყოველთვის, ჩვენი ხედვები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან

დავით უსუფაშვილი: როგორც ყოველთვის, ჩვენი ხედვები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე პრაქტიკულად არ გვისაუბრია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასეთი საკითხები პარლამენტის კაბინეტებში არ წყდება. 

"მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგა. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის საერთაშორისო ასპარზზე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და შიდა ვითარებაზე. როგორც ყოველთვის, ჩვენი ხედვები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. რაც შეეხება არჩევნებში მისი მონაწილეობის თემას, ამ საკითხზე ძალიან სწრაფად შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ჩვენი შეხვედრის და საუბრის თემა, რადგან ეს საკითხები წყდება არა პარლამენტის კაბინეტებში, არამედ ცენტრალურ საარჩენო კომისიაში და თუ საჭირო გახდა - სასამართლოებში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე, პრაქტიკულად, არ გვისაუბრია", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილის დარეგისტრირების, ასევე არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად მიიღონ.

"ყველა სხვა მოსაზრებები, გამოთქმული ხელისუფლების, ექსპერტებისა თუ ოპოზიციის მხრიდან, იქნება მოსაზრებები და ამიტომ ყველაფრისგან თავისუფალი, კანონთან შესაბამისი და შინაგან რწმენასთან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველამ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.