ანდრო ბარნოვი უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

ანდრო ბარნოვი უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი უზენაეს სასამართლოსთან დღეს გამართულ აქციას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. 

როგორც ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაეს სასამართლოსთან აქცია დღეს ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა პირებმა გამართეს.

"აქციაზე სხვა სრულიად მიუღებელ ლოზუნგებთან ერთად გაისმა მოწოდებები, რომელმაც ფარდა ახადა ამ აქციის ნამდვილ მიზანს. კერძოდ, საუბარია მოწოდებაზე, თურმე საერთოდ სასამართლოებში უნდა აღდგეს 2005 წლამდე არსებული ვითარება და თანამდებობზე დაბრუნდეს ყველა ის მოსამართლე, რომელიც მაშინ გათავისუფლდა. ეს არის ღია ზეწოლა სასამართლოზე მისი დამორჩილების მიზნით. ეს არის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა, ეს არის სასამართლოში არაპროფესიონალების და კორუფციის აღდგენის მცდელობა", - აღნიშნა ბარნოვმა.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება ცდილობს, წყალს გაატანოს ყველა ის პოზიტიური შედეგი, რომელიც წინა ხელისუფლების მოღვაწეობისას მიიღო ქვეყანამ. ბარნოვის განცხადებით, მათ არაერთხელ უსაუბრიათ იმის შესახებ, რომ 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი არჩევნების ჩატარების შედეგად, ახალი ენერგია და ბიძგი მიეცა იმ ბევრ რეფორმას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.

"სასამართლოს დამოუკიდებლობა ასეთი რეფორმების რიგს მიეკუთვნება, ამიტომ არ დავუშვებთ, რომ ამ რეფორმის წარმატება დღევანდელმა ან რომელიმე სხვა ხელისუფლებამ შეცვალოს. დღეს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე და გავლენა იქონიონ მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და არავის მივცემთ უფლებას, რომ ის ხელყოს", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.