სირიასთან დაკავშირებით საფრანგეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას ელოდება

სირიასთან დაკავშირებით საფრანგეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას ელოდება

საფრანგეთი სირიის მთავრობის წინააღმდეგ მარტო ვერ იმოქმედებს. "Reuters"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა.

მისი თქმით, სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით აუცილებელია საფრანგეთი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას დაელოდოს. "საფრანგეთი ვერ შეძლებს ამაზე მარტო წავიდეს. ჩვენ გვჭირდება კოალიცია", - აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამ საკითხზე ნებართვისთვის აშშ-ის კონგრესს მიმართავს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიის საკითხის განხილვა 9 სექტემბერს დაიწყება.

ამასთან, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები ბარაკ ობამას ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუბულები დარჩნენ. თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი საბოლოოდ სირიაში სამხედრო ოპერაციას მაინც განახორციელებს.