ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს

ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები 9 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ჯონ ბონერმა განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით, რომ წარმომადგენლობითი პალატა ამ საკითხს 9 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის",-აღნიშნა ბონერმა. მისივე თქმით, კონგრესმენები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ პრეზიდენტმა სირიაში საბრძოლო ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვა მათ სთხოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის საკითხის განხილვას პეტერბურგში, 4-5 სექტემბერს დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეებთანაც გეგმავს.

ამასთან, ტელეკომპანია "Fox News" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პრეზიდენტ ობამას სირიაზე იერიშის დაწყება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუკი კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს. წყაროსვე ინფორმაციით, ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თანაშემწეებთან კონსულტაციების გერეშე მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს.
ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა", - აღნიშნა ობამამ.