საგარეო უწყება:  საქართველოს მოქალაქეებს 5 სექტემბრამდე სირიის დატოვება არ სურთ

საგარეო უწყება: საქართველოს მოქალაქეებს 5 სექტემბრამდე სირიის დატოვება არ სურთ

საქართველოს მოქალაქეებს, სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე არ სურთ. სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"2013 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.

30 აგვისტოს საქართველოს 18 მოქალაქემ განაცხადა სამშობლოში დაბრუნების თანხმობა და ითხოვა დახმარება, ქ. ბეირუთიდან ქ. თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენაში. 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით.

31 აგვისტოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ისინი თავად აცხადებენ, არ სურთ სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, რამაც, შესაძლოა, სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის კუთხით.

სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს საელჩომ ქ. ქაიროში, მაქსიმალურად გამოიყენა საქართველოს მოქალაქეთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის არსებული ყველა რესურსი და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ სირიის ტერიტორია," – აღნიშნულია განცხადებაში.