მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან („ციხის საერთაშორისო რეფორმა“, „საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია“, ქალთა კლუბი „პეონი“) ერთად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელშეწყობით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების მორიგი გამოფენა მოაწყო.

გამოფენაზე, სახელწოდებით „შემოქმედება ღირსებისათვის“, იმ მსჯავრდებულთა ნამუშევრები (თექა, გებელენი, ბატიკა, ქვილთი) წარმოადგინეს, რომლებმაც გამოყენებითი ხელოვნების პროფესიული კურსები გაიარეს.

მსჯავრდებულმა ქალბატონებმა, თანადგომის ნიშნად, მათ მიერ შეკერილი, ქვილთით დამუშავებული საბნები და ბალიშები საჩუქრად გადასცეს იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ.

ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ასოციაციამ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიზნესისა და პროფესიული სწავლების ცენტრი დააფუძნა, რომელიც მსჯავრდებული ქალბატონების სასწავლო ბაზად იქცა. პროექტის განხორციელების პერიოდში, სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში 710 მსჯავრდებული მონაწილეობდა. ქალბატონები ისეთ სახელობო პროფესიებს დაეუფლნენ, რომლებზე მოთხოვნა ბაზარზე მაღალია.

სასწავლო ცენტრის მიზანია მსჯავრდებული ქალბატონების სამართლებრივი, სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული მომზადება-გადამზადება, ბიზნეს-განათლება მიცემა, ასევე საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებისა და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნის ამაღლება, რაც მათ, გათავისუფლების შემდგომ, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და დასაქმებაში ხელს შეუწყობს.