გიგი უგულავა:  სასამართლო პროცესები

გიგი უგულავა: სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში პროცესი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა და კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ემსახურება. 

ამის შესახებ გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აქამდე მას რიყის ტერიტორიის გამოსყიდვაში ედავებოდნენ, ახლა კი აღმოაჩინა, რომ 2006 წელს ამ ტერიტორიის გასხვისებაც არ მოსწონთ. მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დაკითხვა ბნელ ოთახში კატის დევნის გავდა.

"გასხვისება საჯაროდ მოხდა და ამ პროცესს მასმედია ესწრებოდა. ეს დაადასტურეს მოწმეებმა. იყო შეჯიბრებითობა. კომისიის წევრებმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ ფისკალური ეფექტით იხელმძღვანელეს, რათა ბიუჯეტში მეტი თანხა შესულიყო. მაშინ მერია წინააღმდეგი იყო, ასევე მიწის მართვისა და განკარგვის კომისია, რომ რიყის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აშენებულიყო. დღეს იქ საზოგადოებრივი სივრცეა მოწყობილი და ეს ჩვენი ამოცანა იყო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

უგულავას მიაჩნია, რომ პროკურატურას სურს სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ წარიმართოს და მის მიმართ თითიდან გამოწოვილი ბრალდებები არსებობდეს.

"მხოლოდ ერთი მოწმეა, სახელად ჯოზეფ ქეი, რომელიც გამოძიებისათვის ერთგვარ ჯოკერს წარმოადგენს. სინამდვილეში, პროკურატურას დღესვე შეუძლია დაამთავროს გამოძიება და მისცეს სასამართლოს საშუალება მოიყვანოს ჯოზეფ ქეი და დაიკითხოს. ბუნებრივია, ამას არ აკეთებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება. "მთავარია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას ტალახი უნდა მოეცხოს. ეს არის ამოცანა დღიდან გამოძიების დაწყებისა", - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თუმცა კანონი მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესებზე მივიდეს. უგულავა იმედოვნებს, რომ დაკითხვაზე ჯოზეფ ქეის დაიბარებენ, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მისცემს.