სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირებენ

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირებენ

სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , ის შეხვედრით კმაყოფილია. მისივე თქმით, ელჩს კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. 

"მე მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის კანონმდებლობაში. სხვათაშორის, არაფრის ახსნა არ დამჭირდა, რადგან თვითონ არის იურისტი და ძალიან კარგად ჰქონდა წაკითხული კონსტიტუტიცია და არანაირი დამატებითი კითხვები არ ჰქონდა. სრულიად იზიარებს იმ აზრს, რომ კონსტიტუცია არის ნათელი და არაფერ სხვას არ მოითხოვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა სიტუაციას ახლოდან აკვირდება.

"ყველამ ვიცით, მზადდება ვილნიუსის სამიტი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, არჩევნების სამართლიანად და კანონიერად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადს და დარწმუნებულია, რომ რეგისტრაციაში გაატარებენ.
"არც იმედი მაქვს, არც ოცნება, მე ვიცი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ამავე თემაზე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრასაც გეგმავს.