საფრანგეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობის შესაძლო გახსნაზე აჟიოტაჟი ასატეხი არ არის

საფრანგეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობის შესაძლო გახსნაზე აჟიოტაჟი ასატეხი არ არის

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ საფრანგეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში განუცხადა, საფრანგეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის, შესაძლო, გახსნის შესახებ ფაქტი საფრთხის შემცველი არ არის და მასზე აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს, თუმცა ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს.

"საფრანგეთის, ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქემ, შესაძლოა, ითაოს და აფხაზეთის პოლიტიკური, სავაჭრო ან ეკონომიკური წარმომადგენელი დაირქვას. მთავარია, რომ საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროპისა და სხვა ქვეყნებთან, ვალდებულებასაც გულისხმობს, რომ არაოფიციალური წარმომადგენლები არ იქნეს ოფიციალურ სტრუქტურებში დარეგისტრირებული და ასეც ხდება. ასე, რომ ყურადღება მისაქცევია, თუმცა დიდი აჟიოტაჟი ასატეხი არ არის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, ამერიკაშიც შეხვედრია პირს, რომელიც თავს აფხაზეთის წარმომადგენლად მიიჩნევს, მაგრამ ეს მის ოფიციალურ რეგისტრაციას, ცნობას არ გულისხმობს.

"ბეღურაზე ზარბაზნის სროლა არ ღირს. ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. შეიძლება კისტის თოფი ისროლო, მაგრამ სარაკეტო დანადგარი არა. ქართულ-ფრანგული ურთიერთობებია ამ შემთხვევაში მოსაფრთხილებელი და მნიშვნელოვანი. კორექტულობა და რაც შეიძლება მაქსიმალური დიპლომატია გვმართებს", _ დასძინა ვოლსკიმ.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საფრანგეთში სავაჭრო წარმომადგენლობა გახსნა, რომლის ხელმძღვანელადაც საფრანგეთის მოქალაქე ჯან კლოდ ბეტუნი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება დღეს "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ გააკეთა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი საგანგაშოა და ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.