არმაზ ახვლედიანი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას ეთანხმება

არმაზ ახვლედიანი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას ეთანხმება

კოალიცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი პრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ეთანხმება. კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ბლუმბერგთან" პრემიერის ინტერვიუზე, სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ დეკემბერში პოლიტიკიდან წასვლას და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას აპირებს. 

"როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ბევრს უკვირდა მისი აქცენტები. გავიდა დრო და უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ეს იყო სწორი აქცენტები. ახლაც, პრემიერ-მინისტრის აქცენტი არის ერთადერთი სწორი. როდესაც ის ამბობს, რომ უმთავრესია შევეხიდოთ, შევეშველოთ ჩვენს საზოგადოებას განვითარებაში. საზოგადოება უმთავრესია და იქიდან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკური პროცესი. ასე სახელმწიფოებრივად აღიქვამს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მის აზრს მთლიანად ვეთანხმები", -აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

კოალიცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ეთანხმება ასევე პრემიერის მოსაზრებას, რომ ქართულ საზოგადოებას დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს. მისივე თქმით, სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა საქართველოში არ არის სათანადო და ამისთვის საჭიროა მეტი განათლება და ტრადიციის ჩამოყალიბება.

"ამას კი მკურნალობის დაწყება ქვემოდან, საზოგადოებიდან სჭირდება. ამდენად, პრემიერის აქცენტი არის ზუსტი და დროული", - დასძინა არმაზ ახვლედიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

"ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ, მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.