სასჯელაღსრულების სამინისტრო გაგა მკურნალიძის წერილის გავრცელების მიზეზს განმარტავს

სასჯელაღსრულების სამინისტრო გაგა მკურნალიძის წერილის გავრცელების მიზეზს განმარტავს

სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი გაგა მკურნალიძის წერილი მაღალი საჯარო ინტერესის საფუძველზე გაავრცელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მკურნალიძემ ციხის ადმინისტრაციას საკუთარი განცხადების საინფორმაციო სააგენტოებისთვის გაგზავნის თხოვნით მიმართა.

"პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლი არეგულირებს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიმოწერას. მას უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით როგორც აგზავნოს, ისე მიიღოს ეს წერილები. ამ კოდექსით დადგენილი და დარეგულირებული წესის მიხედვით, გაგა მკურნალიძემ გამოგზავნა წერილი საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიწოდების თხოვნით. ციხის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, როგორც წერილის მიღებას, ისე გაგზავნას. გამომდინარე იქედან, რომ ეს წერილი უშუალოდ პრესისთვის იყო, ჩვენვე გამოვაგზავნეთ. ამ პატიმარს ეს უფლება შეზღუდული არ აქვს", - განმარტეს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა სამინისტრო ყველა პატიმარს, იგივე მეთოდებით წერილის გავრცელებაში, პრესსამსახურში განმარტეს, რომ თუ საჯარო ინტერესი მაღალია, იმ საკითხისადმი, რასაც პატიმარი გასავრცელებლად აწვდის ადმინისტრაციას, სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის გავრცელება იქნება.

"კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა პრობლემა არ არის. ჩვენ მკურნალიძის წერილი გამოვგზავნეთ იმიტომ, რომ ამ საკითხზე, რაზეც გაგა მკურნალიძეს ჟურნალისტებთან სურდა დაკავშირება, საჯარო ინტერესი მაღალი იყო და ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ მკურნალიძეს, თქვენთან უფრო მარტივად გამოსულიყო კონტაქტზე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მკურნალიძის განცხადება ჩვენ თვითონ გამოგვეგზავნა მხოლოდ ამ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე", - განაცხადეს პრესსამსახურში.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაგა მკურნალიძის წერილი 23 აგვისტოს საღამოს გაავრცელა. მკურნალიძე წერილში აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა.

"ყოველთვის არსებობდენ მსჯავრდებულები, რომლებსაც გონებრივი შესაძლებლობებით, კრიმინალური წარსულით ან თუნდაც ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სხვა პატიმრები და ადმინისტრაციის მხრიდან თითოეული ასეთი პატიმრის შეზღუდვა თავის მხრივ სხვა ახალი ავტორიტეტის გაჩენით სრულდებოდა. მე შორს ვარ აზრისაგან ვამტკიცო, რომ როდესაც მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა შორის არ არსებობდნენ "ლიდერები", რომლებიც ზემოქმედებდნენ სხვა მსჯავრდებულებზე, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეს ადამიანები ჩემს მიერ ინიშნებოდნენ. არც ერთი მათგანის მიზანმიმართული შერჩევა მე არ მომიხდენია. პირიქით ჩვენი მიზანი კრიმინალთან ბრძოლა გახლდათ", - ნათქვამია გაგა მკურნალიძის წერილში.

მკურნალიძის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ციხეების კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან კონტროლის სქემა და კონკრეტული ე.წ. მაყურებლების ვინაობა გამოაქვეყნა.

სქემას გამოეხმაურა სასჯელაღარულების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, მას "ნაციონალებისგან" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მემკვიდრეობით დახვდა 700-მდე ე.წ. მაყურებელი.