The Independent - საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს

The Independent - საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს

"საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს", - ამ სათაურით ეხმაურება ბრიტანული გამოცემა The Independent საქართელო-დასავლეთის ურთიერთობებს.
როგორც სტატიის ავტორი ჯიმ არმიტიჯი აღნიშნავს, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უფრო წინდახედული უნდა იყოს.

"როცა ბანკში 6 მილიარდი დოლარი გიდევს, ადვილია იმის თქმა, რასაც ფიქრობ, მაგრამ საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უფრო წინდახედული უნდა იყოს", - აღნიშნავს ჯიმ არმიტიჯი და დასძენს, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი გამარჯვება მოიპოვა მისი კოალიციის მიერ პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხებით.

"დასავლეთში, ხელისუფლებების ზოგიერთ წარმომადგენელი შიშობს, რომ ივანიშვილს ქვეყნის უკან, დედა-რუსეთში დაბრუნება სურს. თუმცა, თავად აცხადებს, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეგობრობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ მისი მთავრობა კორუფციის ბრალდებით სააკაშვილის ხელისუფლების ათობით წარმომადგენელს აპატიმრებს", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა, თავად პრეზიდენტიც დააპატიმრონ.

ჯიმ არმიტიჯი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკვე ღიად გამოთქვა შეშფოთება ამ დაკავებებზე.

"თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ფიქრობს დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე, მან უნდა შეწყვიტოს მისი ოპონენტების გასაჩუმებლად სასამართლოთი მუქარა. ასეთი საუბრები შესაძლოა, მოსკოვის საამებლად გამოდგეს, მაგრამ დასავლეთს შესაძლოა, სხვა შეხედულება ჰქონდეს ამაზე", - წერს ჯიმ არმიტიჯი.