მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა

მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა

დღევანდელ მთავრობაში ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა და ეს ყველამ იცის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბობოყვათში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას აშშ-ში ვიზიტის შესახებ Eurasianet-ის სტატიას, სადაც სტატიის ავტორის, ჯოშუა კუცერას განცხადებით, ალასანიამ საქართველოს წინ ხელისუფლებების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებებზე ისაუბრა.

"ალასანიას რომ არ ეთქვა, რომ ჩემმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, ამას ყველა მოქალაქე ხედავს. შეგიძლიათ, გახვიდეთ და გარშემო ხალხს ჰკითხოთ, იტყვიან, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ბევრად მეტი, ვიდრე გაკეთებულა საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კარგია, თუ თავდაცვის მინისტრიც ამას აღნიშნავს და აღიარებს. იმედია, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ის არ მოაყოლებს, რომ ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილია ან დააყოლებს რაღაცას, რომ გაანეიტრალოს ეს განცხადება. თავისთავად ვფიქრობ, რომ დღევანდელ მთავრობაში ის ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრია და ეს ყველამ იცის. ეს რას ნიშნავს, ცალკე საკითხია, მაგრამ ის ნამდვილად არის დღევანდელი მთავრობის ყველაზე ადეკვატური მინისტრი და წევრი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ჯოშუა კუცერას სტატიას, მასში აღნიშნულია - "საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნას დამოუკიდებლობა მოუტანა, ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომლემაც ნატო-სა და ნატო-ში საქართველოს მომავალზე დაიწყო საუბარი. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობების მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინასვლა უნდა გავაგრძელოთ".

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის აღჭურვილობის შეძენის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც ალასანია ყოფილი მთავრობის პროექტების გაგრძელებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ამის წინააღმდეგია.

"ჩემი და ობამას შეთანხმებით, გასული წლის იანვარში დაწყებულია უკვე მომზადება. შარშან ზაფხულში ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მუშაობს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის სისტემებზე. ეს უკვე აღარ არის სამშვიდობო ოპერაციისთვის ჩვენი მომზადება, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი მიწის დაცვა, გვქონდეს კარგი საჰაერო თავდაცვა, საზღვაო თავდაცვა და სახმელეთო დაცვა. ამერიკელმა ექსპერტებმა უკვე შეადგინეს მოხსენება ერთი წლის წინ, დაიწყეს ამაზე მუშაობა და წინასწარი შედეგები უკვე გვაქვს. ახლა ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ აშშ-სთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე და რა თქმა უნდა ეს აამაღლებს საქართველოს დაცვის ხარისხს. კარგია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ პროგრამაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რადგან ამას წინათ პერმიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არაფერი ახალი იარაღის ყიდვა არ სჭირდება. ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, საქართველოს ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ჩვენ პრაქტიკულად გადაუფარავი გვაქვს ცა, ხმელეთი და ზღვა. კარგია, როდესაც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი პროექტები უნდა გაგრძელდეს, მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არცერთი ჩვენი პროექტი არ გაგრძელდეს, მაგრამ კარგია, როდესაც ამ მთავრობაშიც არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ეს არ უნდა გვაჩერდეს", - განაცხადა სააკაშვილმა