პაატა ზაქარეიშვილი: მავთულხლართები იქ ოსების წინააღმდეგ გაიბა და არა ქართველების წინააღმდეგ

პაატა ზაქარეიშვილი: მავთულხლართები იქ ოსების წინააღმდეგ გაიბა და არა ქართველების წინააღმდეგ

"ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის თიბილოვის მხრიდან პირობების წამოყენება დაუშვებელია,"- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის მიერ "რია ნოვოსტის" ეთერში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, "საოკუპაციო საზღვრის მიმდებარედ გავლებული მავთულხლართები არა ქართველების, არამედ ოსი ხალხის წინააღმდეგ გაიბა და ეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კარგად იციან".

"არ იყო სწორი იმ პროვოკაციაზე წამოგება, რაც რუსებმა საქართველოს იმდროიდელ ხელისუფლებად დაუგო. თიბილოვის პასუხად მე შემიძლია ვთქვა, მე სამზარეულოში ან ტახტზე კი არ ვიყავი წამოგორებული და მუშტებს ჯიბეში კი არ ვმალავდი, არამედ, ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში საჯაროდ გამოვდიოდი და საქართველოს ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი, რომ ამ ავანტიურას, პროვოკაციას წამოეგო. ასე რომ, აქ არ არის მართალი ბატონი თიბილოვი. მეორეს მხრივ, სადაც არ არის მართალი თიბილოვი ესაა, როცა წინა ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ ოსებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს და უნდა ველაპარაკოთ პირდაპირ რუსებს, ოსები ძალიან აღშფოთებულები იყვნენ და ამბობდნენ ეს რას ჰგავსო. ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ მზად ვართ ველაპარაკოთ მათ ყოველგვარი პირობების გარეშე,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, "თიბილოვმა წამოაყენა პირობები, ასე რომ, იგი ელოდოს ვიდრე არ დაიღლება პირობების წამოყენებით".

"ჩენ განვაგრძობთ საქართველოს მშენებლობას. ჩვეულებრივი ოსი დაინტერესებულია ახალი საქართველოთი, შემოდიან სულ უფრო მეტად, ლარსით გადმოდიან. ის მავთულხლართები, რომლებიც გაიბა იქ ოსების წინააღმდეგ გაიბა და არა ქართველების წინააღმდეგ. ეს ბატონმა თიბილოვმაც კარგად იცის. ოსი ხალხის წინააღმდეგ გაიბა და ამიტომ, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ოსეთს დაკარგავს. ალბათ, ოსების გვერდის ავლით მოგვიწევს იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებზეც ჯობია ოსებთან გველაპარაკა,"- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ქართულ-ოსურ შერიგებას, ზაქარეიშვილის შეფასებით, "ამას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და იგი დარწმუნებულია, რომ გავა გარკვეული პერიოდი და თუ ბატონი თიბილოვი არა, სხვები მაინც სხვანაირად შეხედავენ ქართულ-ოსურ კონტაქტებს და ურთიერთობებს".

ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის შეფასებით, "დღეისთვის საქართველოს და სახმრეთ ოსეთს შორის არანაირი სახის ურთიერთობა არ არსებობს და ერთადერთი რაც არსებობს, ეს ჟენევის პოლიტიკური მოედანია კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატში მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება".

"უკვე გაიმართა ჟენევის დისკუსიის 24-ე რაუნდი და ყველა შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს. ქართული მხარე როგორც ადრე, ახლაც მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ საქართველოში ახალი ძალები მოვიდნენ, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ეს რა თქმა უნდა სიფრთხილიკენ გვიბიძგებს. ამის გარდა კიდევ რამდენიმე საკითხია, რომლებსაც საქართველო უნდა დაეთანხმოს. ესენია გენოციდის აღიარება, რომელიც საქართველომ ოსი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა. ასევე, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდბლობის აღიარება, საქართველოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება და ბევრი სხვა საკითხი, რომლებზეც საქართველო ჯერ-ჯერობით არ რეაგირებს. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოსთან რაიმე სახის შესაძლო ურთიერთობებზე საუბარი არ არის. ამიტომ ჩვენ საქართველოს მხრიდან ამ საკთხების მოგვარებას ველოდებით და შემდეგ უკვე მომავალი ურთიერთობები მოლაპარაკებების ობიექტია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ,"- განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

თიბილოვის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მიმდინარეობდა ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით და როდესაც ეს საზოგადოება ოსეთში ქართული ჯარის შეჭრას და ცხინვალის დაცხრილვას თვალს ტელევიზიით ადევნებდა, ამას ზეიმობდა. სწორედ ამიტომ ოსი ხალხი ვერასოდეს შეძლებს დანაშაულის დავიწყებას და პატიებას".

ამასთან, თბილოვის თქმით, "მას არ სჯერა, რომ რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება, რადგან ვერ ხედავს ვერანაირ დადებით სიგნალს".

"ძალიან ბევრი განცხადება გვესმის ე.წ. ახალი ხალხისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ივანიშვილის დროსაც და სხვა ახალი ხალხის დროსაც გაგრძელდება. არანაირი ცვლილების ილუზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ახალი ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს",- აღნიშნა თიბილოვმა