სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სასურსათო კვერცხის მოხმარება წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტ ცალს შეადგენს.

"წინა ხელისუფლებას, კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დარღვევით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ზეწოლით და დაშინების აპრობირებული მეთოდის გამოყენებით სასურსათო კვერცხისთვის ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვარი. შესაბამისად, ქვეყანაში მხოლოდ საინკუბაციო კვერცხი შემოდიოდა.

ახალი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა კვერცხის იმპორტზე სრულიად უკანონო შეზღუდვა მოხსნა.

2013 წლის19 მაისს, მთავრობის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გავიდა ცვლილება სამ სამთავრობო დადგენილებაში, კერძოდ #90-ში, #426-სა და #429-ში. აღნიშნული ცვლილება ძალაში 11 ივნისს შევიდა. გამკაცრდა ხარისხის კონტროლი მაღალი რისკის შემცველი პროდუქციის (მათ შორის კვერცხის) იმპორტზე; დადგინდა ამ პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტისა და ტრანზიტის წესები. ხოლო #90-ე დადგენილებით განისაზღვრა კვერცხის მარკირების ვალდებულება, რაც მოიცავს კვერცხზე მისი დადების თარიღისა და მწარმოებელი ქვეყნის დატანას, ასევე, განისაზღვრა კვერცხის ვარგისიანობის ვადა 30 დღით 0-დან 10 ცელსიუს გრადუსამდე პირობებში შენახვის დროს და 21 დღით ჩვეულებრივ პირობებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ვარგისიანობის ვადის დადგენის წესი მხოლოდ 2012 წლის აპრილში განისაზღვრა"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით,პირველ ეტაპზე (დეკემბერი - ივნისი), როდესაც კვერცხის იმპორტზე უკანონო შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო ახალი რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში, ქვეყანაში იმპორტი გაიზარდა და ბაზარზე შემოვიდა 13,000,000 ცალი კვერცხი, აქედან, დიდი ნაწილი სასურსათო.

"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მარტო თბილისის მოსახლეობა დღეში, დაახლოებით, 1 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს, ხოლო დანარჩენი საქართველოსიც ამდენივეს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში იმპორტირებულია მხოლოდ 7-8 დღის მარაგი. ქვეყანაში კვერცხის იმპორტის 700%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკანონო შეზღუდვების გაუქმებამ გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიღების შემდეგ, იმპორტულ კვერცხს გაუჭირდება ადგილობრივ პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა, რადგან მინიმუმ 10-14 დღეა საჭირო ტრანსპორტირებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესრისკები გაზრდილია. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე იმპორტის ზრდის დიდმა მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიკლო, რაც კვერცხის ხარისხის მკაცრმა კონტროლმა განაპირობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 9 თვის განმავლობაში ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა 700 ათას ცალზე მეტი ვადაგასული სასურსათო კვერცხი.- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც საქართველოში კვერცხის იმპორტის ზრდაზე წერდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 13 მლნ 32 ათასი ცალი ქათმის (საინკუბაციო და სასურსათო) კვერცხი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2012 წლის, იმავე პერიოდში ქვეყანაში 1 მლნ 456 ათასი კვერცხის იმპორტია განხორციელებული. „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, ყველაზე მეტი რაოდენობით კვერცხი თურქეთიდანაა შემოტანილი (9 234,7 ათასი ცალი). ქათმის კვერცხი თითქმის ერთნაირადაა შემოტანილი უკრაინიდან (1 568,9 ათასი ცალი) და მოლდოვადან (1 479,6 ათასი ცალი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 თვეში, საქართელოში იმპორტირებული კვერცხის ღირებულებამ 1 მლნ 665 ათას 700 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში საქართელოში თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და ბულგარეთიდან 507 ათასი დოლარის კვერცხის იმპორტია განხორციელებული.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საქართელოში 3 მლნ 512 ათას 300 ცალი კვერცხია იმპორტირებული, ხოლო 2011 წელს საქართველოში 7 მლნ 312 ათას 200 ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.