შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა, კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა, მათგან 167 პატიმარი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება, 47-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 3-ს სასჯელის ვადა შეუმცირდება.

დადებითი რეკომენდაცია გაიცა 13 ქალზე, მათგან საპატიმროდან გათავისუფლდება 7, ხოლო სასჯელი გაუნახევრდება 6 ქალს. ამასთან, საპატიმროდან გათავისუფლდება სამი არასრულწლოვანი, ერთს კი სასჯელი გაუნახევრდება.

ელენე თევდორაძის ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოსთვის დატოვებენ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯამში, კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, თუმცა, პატიმართა განცხადებების დიდ ნაწილს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ მათ სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ. კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 27-28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დატოვებენ.
ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლეობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.