გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა ფაქტობრივად შეუძლებელია

გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა ფაქტობრივად შეუძლებელია

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გაგა მკურნალიძის წერილს ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ვმუშაობდი, ვთვლიდი, რომ ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც თავის თავზე აიღო ტვირთი რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო ბრძოლა გაემართა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. სამყაროს, რომელიც ათწლეულების, თითქმის საუკუნის განმავლობაში თავისი წესებითა და კანონებით მკაცრად ჩამოყალიბდა.

ამ ბრძოლის პროცესში მე და ჩემი მეგობრები საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახების უსაფრთხოების ფასად, 24 საათის განმავლობაში ვცდილობდით მაქსიმალურად შეგვეზღუდა და აღმოგვეფხვრა დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა.

დღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ფაქტიურად შეუძლებელია სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა. ყოველთვის არსებობდენ მსჯავრდებულები, რომლებსაც გონებრივი შესაძლებლობებით, კრიმინალური წარსულით ან თუნდაც ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სხვა პატიმრები და ადმინისტრაციის მხრიდან თითოეული ასეთი პატიმრის შეზღუდვა თავის მხრივ სხვა ახალი ავტორიტეტის გაჩენით სრულდებოდა.

მე შორს ვარ აზრისაგან ვამტკიცო, რომ როდესაც მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა შორის არ არსებობდნენ "ლიდერები", რომლებიც ზემოქმედებდნენ სხვა მსჯავრდებულებზე, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეს ადამიანები ჩემს მიერ ინიშნებოდნენ. არც ერთი მათგანის მიზანმიმართული შერჩევა მე არ მომიხდენია. პირიქით ჩვენი მიზანი კრიმინალთან ბრძოლა გახლდათ", - ნათქვამია გაგა მკურნალიძის წერილში.