პრეზიდენტის ინიციატივით, ბობოყვათის რეზიდენცია რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გადაეცემათ

პრეზიდენტის ინიციატივით, ბობოყვათის რეზიდენცია რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გადაეცემათ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბობოყვათის რეზიდენცია 2008 წლის რუსული აგრესიის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გადაეცემათ, - აღნიშნული ინიციატივა სააკაშვილმა დღეს ბობოყვათის რეზიდენციაში გააჟღერა, სადაც მან 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის შვილებს უმასპინძლა.
ქვეყნის პირვლმა პირმა აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ხელმოწერილი განკარგულებაც გამოსცა და დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა.

"ბობოყვათის ეს სამთავრობო რეზიდენცია თავის დროზე ცეკა-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქ იშვიათად ვჩერდებოდი, პაქტიკულად, თითქმის არ ვყოფილვარ. მინდა ეს გადავცეთ ომში დაღუპულების ოჯახის წევრებს, რომ ეს იქცეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ოფიცრების და სამხედრო მოსამსახურეების დასასვენებელ სახლად. ამ გარდამავალ პერიოდში შენობას პატარა შეცვლა დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი სამხედროები თავიანთ ოჯახის წევრებთან დადიოდნენ და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილები რეაბილიტაციისთვის დადიოდნენ. აქ უნდა დადიოდნენ იმ სამხედროების ოჯახის წევრები, ვინც სამშობლოს თავი შესწირა",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.