სუბარის არათანმიმდევრულ განცხადებებს მიჩვეული ვართ

სუბარის არათანმიმდევრულ განცხადებებს მიჩვეული ვართ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებას, გასულ წლებში ციხეებში 700 მაყურებლის არსებობის შესახებ, აბსურდს უწოდებს. 

აკაკი მინაშვილი სოზარ სუბარის სახალხო დამცველად მუშაობის დროს გაკეთებული ანგარიშს იხსენებს და აცხადებს, რომ 2005 წლის ანგარიშში სუბარი აღნიშნავდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას ადმინისტრაციის მისვლამდე ციხეებში სიტუაცია უკონტროლო იყო, ხოლო 2005 წლის ბოლოდან ციხეებში შეწყდა კორუფციის ფაქტები, "კანონიერი ქურდები" კი ისეთივე პირობებითა და უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც სხვა პატიმრები.

"ეს არის სუბარის სიტყვები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის დღევანდელ განცხადებასთან, თუმცა, ჩვენ მიჩვეული ვართ სუბარის არათანმიმდევრულ განცხადებებს. ციხეებში ვითარება არის ისეთივე, როგორიც იყო 2004 წლამდე. შეიძლება ითქვას, რომ "სრული დემოკრატიაა" - კრიმინალური ავტორიტეტები ირჩევენ ციხის დირექტორებს. ქურდები, ავტორიტეტები დღის განმავლობაში არიან დირექტორების კაბინეტებში, იღებენ მთავარ გადაწყვეტილებას თუ ციხის თანამშრომლები არ იქცევიან ისე, როგორც მათ უნდათ, სჯიან და "ყურებს უწევენ", - აღნიშნა მინაშვილმა.

მანვე კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა. მინაშვილის ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოხდა დაპირისპირება პატიმარსა და ციხის თანამშომელს შორის. საქმეში ჩაერია საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი ჩახნაშვილი, რის გამოც ის დაისაჯა და სამსახურიდან გააგდეს. მისივე თქმით, რუსთავის #17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გიორგი ხურციძის მამა აცხადებს, რომ მის შვილზე მაყურებლის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა და ამის გამო რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა.

მინაშვილი ასევე მოითხოვს სასჯელაღსრულების მინისტრმა განმარტოს, რა მდგომარეობაშია ციხის საავადმყოფოს ბოლო ორი სართული. მისი ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია და ის პატიმრებმა გაანადგურეს.