"მე-9 არხის" გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გააკეთა

"მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის გადარჩენისა და საზოგადოებრივ ტელევიზიად ჩამოყალიბების ინიციატორები დღეს სასტუმრო "ვარაზში" შეიკრიბნენ. 

შეკრება ლაშა ჩხარტიშვილისა და ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით გაიმართა და მას მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, მამუკა არეშიძე, ია ანთაძე, დემურ გიორხელიძე, ცოტნე გამსახურდია და სხვები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სააქციო საზოგადოებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნა, "მე-9 არხზე" და "ინფო 9"-ზე მომუშავე პერონალის მხარდაჭერა, შენარჩუნება.

ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, თუ პრემიერ-მინისტრი მათ წინადადებას არხის შესყიდვის შესახებ მიიღებს, ეს იქნება მისი მხრიდან ისტორიული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

მედიაექსპერტის ია ანთაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა იმისთვის, რომ სააქციო საზოგადოების წევრობის მსურველებმა კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.

"ამ შეხვედრამ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო. დღეს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტელევიზია იყიდება, თუკი მყიდველი გამყიდველთან შეთანხმდება. საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია შეიძინოს ტელევიზია, რომელიც შეღავათიან პირობებში იყიდება", _ დასძინა ია ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრები მოლოდინის რეჟიმში არიან, თუ როდის შეძლებს პრემიერის წარმომადგენელი მათთან შეხვედრას ტელეარხთან დაკავშირებით.