საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთანხმებული კანდიდატი წარადგინოს.
ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის ფაცებოოკ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად წარადგენს პრეზიდენტი. მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა. მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს - ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალობას - ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი",-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის მზად არის მომავალ კვირაში, ყოფილი თავმჯდომარის გადადგომის კანონიერად ძალაში შესვლის შემდეგ, გამართოს კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარე საკუთარი განცხადებით გადადგა თანამდებობიდან, 27 ოქტომბერს კი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ცესკო ჩვეულებრივად, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით მუშაობს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს ახალი თავმჯდომარე რაც შეიძლება მოკლე პერიოდში იყოს არჩეული. ჩვენ დავანახეთ ყველას, საქართველოს შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს შესწევს ძალა ჩაატაროს დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ამაში, რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ. სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციებისადმი ნდობა განაპირობებს მთლიანად არჩევნებისადმი ნდობას. შესაბამისად, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია",-ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებენ. 11 ორგანიზაცია ამ პოსტზე გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას კანდიდატურას წარადგენს.